თბილისი პრაიდი პარლამენტის წინ დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება.
"5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.
გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს.
ჩვენ გვჯერა, რომ გუშინდელი ძალადობების სერია წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის! ძალადობის ის მასშტაბები, რასაც გუშინ თბილისში ჰქონდა ადგილი, საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან.
ჩვენ ვუერთდებით დღეს მდუმარე აქციას და მოგიწოდებთ ყველას, ვინც გუშინ ღირსების მარშზე გეგმავდით გამოსვლას, შემოგვიერთდით 8 საათზე, პარლამენტის წინ!" - ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.