20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორების ფაქტებზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

5 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 4 პირი დააკავა. მათ შორის ორი ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფითვის. ორი კი მთავარი არხის ოპერატორზე ძალადობისთვის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს,
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა.

დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2
ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები