ვინ იღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისის ძალადობაზე საპატრიარქოდან, ვის კვალს ხედავენ ეპისკოპოსები და განსხვავდება თუ არა 53 რეპორტიორის ცემასა და ოპერატორის გარდაცვალებაზე მღდველმთავრების პოზიციები.
წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა პრორუსული ძალების ლიდერის, ლევან ვასაძის მსგავსად, ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს და 5 ივლისის მოვლენებში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. უფრო მეტიც, მღვდელმთავრები ამტკიცებენ, რომ აქციაზე მედიის წინააღმდეგ არ უძალადიათ და არც მსგავსი მოწოდებები გაუკეთებიათ. აქვე შევახსენებთ "კურიერის" მაყურებელს, რომ არც ერთი სასულიერო პირი, მიუხედავად ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულებისა, პოლიციას გამოკითხვაზე არ დაუბარებია.
დღეს ყველა სასულიერო პირი მედიასთან ერთხმად ამტკიცებდა, რომ მღვდლებს აქციაზე არ უძალადიათ და პასუხიმგებლობა მათ არ ეკისრებათ.
მთავარეპისკოპოსი იაკობი დარწმუნებულია, რომ ღირსების მარშის უკან პოლიტიკური ძალები იდგნენ, რომლებსაც რუსეთი მართავდა. მისივე განცხადებით, რუსული რბილი ძალა მართავდა პარლამენტის წინ შეკრებილ მოძალადე ჯგუფებსაც. მეუფე იაკობმა დღეს ვერ გაბედა ღიად დაესახელებინა ლევან ვასაძე, რომლიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრისა და ანდრია ჯაღმაიძის ახლო მეგობარია. სწორედ ვასაძის ტელევიზია" ალტ-ინფოს" წამყვანები და მოძალადე ჯგუფები გასცემდნენ ბრძანებებს რუსთაველზე. მეუფე იაკობი ამბობს, რომ ის ძალადობის დროს ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
"კურიერის" კამერამ მეუფე იაკობი ქაშუეთის ეკლესიაში ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როდესაც მოძალადე ჯგუფები 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და კარვების დაშლა დაიწყეს. ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსი რუსთაველის მეტროსთან გადავიდა, პირველი დაპირების შემდეგ კი კოსტავაზე, ბოლოს ის "კურიერმა" მეტრო რუსთველის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო. მაშინ სასულიერო პირს არაფერი უთქვამს პრაიდის უკან მდგომ რუსულ ძალებზე.
ბოდბელი ეპისკოპოსისგან განსხვავებულ პოზიციაზეა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ლევან ვასაძის მეგობარი ანდრია ჯაღმაიძე. ჯაღმაიძე არ ამბობს, რომ პროცესი რუსულმა ძალებმა მართეს და მიიჩნევს, რომ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები პროცესებში ერევიან.
ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსისთვის მედიაზე ძალადობა უცხო არ არის, რამდენიმე თვის წინ მან პირადად იძალადა ინტერვიუს ჩასაწერად მისულ ჟურნალისტზე, მაგრამ პასუხი არც საპატრიარქოს და არც ძალოვან უწყებას მისთვის არ მოუთხოვიათ.
წმინდა სინოდის ნაწილს არ დაუგმია ძალადობა, რომელიც 5-6- ივლისს რუსთაველის გამზირზე მოხდა, ისინი არც საპატრიარქოში შეკრებილან იმ გადაცდომების განსახილველად, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან მოხდა, თუმცა წმინდა სინოდის ნაწილი პასუხიმგებლობას არ ერიდება და ძალადობას ამბიონიდან გმობს.
სასულიერო პირთა ნაწილი ამ დრომდე არ დაუბარებიათ არც საპატრიარქოში და არც პოლიციაში. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ არ არის დაკავებული არცერთი მღვდელი რომელიც ტელე კამერების წინაშე ძალადობდა ან ძალადობრივ დავალებებს გასცემდა.