24 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
"ჩემი ქმარი ანგელოზი იყო, შემდეგ მან გამაუპატიურა..." - ეგვიპტელი ქალები ძალადობის შესახებ დუმილს არღვევენ და შემზარავ ისტორიებს ჰყვებიან

ეგვიპტეში ქალები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით დუმილს არღვევენ. როგორც BBC წერს, ისინი სულ უფრო ხშირად საუბრობენ მეუღლის მიერ გაუპატიურების შესახებ, რაც, ამ დრომდე, ეგვიპტეში ტაბუდადებულ თემად რჩებოდა. 

BBC კონკრეტული ქალების ისტორიებზე წერს, მათ შორის არის 34 წლის საფა, რომელიც ქორწილის ღამეს ქმარმა გააუპატიურა. ძალადობის შემდეგ ქალს სხეულის დაზიანებები ჰქონდა. 

"მენსტრუაცია მქონდა, არ ვიყავი მზად იმ ღამეს სექსისთვის. ჩემმა ქმარმა იფიქრა, რომ მე მასთან ინტიმურ ურთიერთობას თავს ვარიდებდი, მცემა, ბორკილები დამადო და გამაუპატიურა..." - ჰყვება საფა. 

ძალადობის მიუხედავად, საფამ ქმარს პოლიციაში არ უჩივლა, რადგან საზოგადოებაში ეს სტიგმად მიიჩნევა. ეგვიპტეში მსხვერპლის დადანაშაულება ძალიან ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მსხვერპლი ქალია. 

სიტუაცია აპრილში შეიცვალა, როდესაც სატელევიზიო სერიალში, სახელწოდებით "ნიუტონის აკვანი" აჩვენეს სცენა, სადაც მამაკაცი ცოლზე ძალადობდა. სერიალი მუსულმანებისთვის წმინდა თვეს, რამადანის დროს გადაიცემოდა. ბევრი ქალისთვის ეს ეპიზოდი მძიმე მოგონებებს უკავშირდებოდა, თუმცა ამასთან, ნანახმა სცენამ მისცა მათ ძალა, სოციალურ ქსელებში საკუთარი გამოცდილების შესახებ დაეწერათ. სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში ასობით ქალმა დაწერა ძალადობის შესახებ, მათგან 700-ზე მეტი ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით Speak Up განთავსდა. 

ქალებს შორის, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, 27 წლის სანაც არის.

"ის ანგელოზი იყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც მე ორსულად ვიყავი და უკვე მალე უნდა მემშობიარა, უბრალო რამეზე ვიკამათეთ და გადაწყვიტა, დავესაჯე. მან გამაუპატიურა, ბავშვი მუცელში მომიკლა..." - წერს სანა. 

ქალმა განქორწინებისთვის ბრძოლა წამოიწყო და საბოლოოდ, მიზანს მიაღწია, თუმცა შვილის გარდაცვალებას ამ დრომდე გლოვობს. 

იძულებითი სექსი ეგვიპტის ბევრ ნაწილშია მიღებული, უმეტესად კი - ქორწილის ღამეს. ძალადობაზე დისკუსია კიდევ უფრო მწვავე გახდა, როდესაც ცნობილი მომღერლის ყოფილმა ცოლმა "ინსტაგრამის" მომხმარებლებს საკუთარი ამბავი უამბო. ვიდეო, სადაც ქალი ცრემლიანი თვალებით იხსენებს მასზე ძალადობას, ვირუსულად გავრცელდა, ქმარმა კი ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. 

ყველაზე ბოლოს, 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც სახელისუფლებო ორგანიზაცია, "ეროვნული საბჭო ქალებისთვის" ჩაატარა, აღნიშნულია, რომ ყოველ წელს 6500-ზე მეტ ქალს აუპატიურებენ ქმრები, მათზე ძალადობენ და ავიწროებენ. 

ცვლილებები ეგვიპტეში ნელი ტემპით მიდის, სადაც ჯერ კიდევ დომინირებს კონსერვატიული ღირებულებები, მაგრამ ოჯახური გაუპატიურების მსხვერპლთა ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმის. 

დღის ამბები