"კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე," – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს.
კონგრესმენი უარყოფს ცალკეული ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა მან არ ისურვა.
"ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა," - წერს კინზინგერი.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა მმართველ გუნდში. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.
"გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.