რატომ არ ეყო შინდისის გმირების მემორიალს მილიონ ლარზე მეტი - გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. როგორც ცნობილია, მემორიალისთვის თანხა მიიღო ფონდმა, რომელიც მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ორგანიზაციამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ფონდმა სახელმწიფოსგან და მოქალაქეებისგან საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო.
მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, თუმცა ვერ აკონკრეტებს ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებს, რატომ გაჭიანურდა მემორიალის შექმნა.
"პასუხისმგებლობა მეკისრება ძირითადად, მე, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. როცა ამხელა საქმეს ჰკიდებ ხელს, ვერავის ვერაფერს ვერ გადააბრალებ. არის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთობ რთული პროექტია. ვიცოდი, რომ რთული იყო და ვცდილობდი მაქსიმალურად. ეს საქმე ასეთი მცდელობით რომ არ გამეკეთებინა, ამ შედეგსაც ვერ მივიღებდი. შედეგი ხარისხიანი ჩამოსხმული ფიგურებია,"-აცხადებს მოქანდაკე.