13 წელი შინდისის გმირების მონუმენტის მოლოდინში - იქ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 17 ქართველმა სამხედრომ წარმოუდგენელი გმირობის ისტორია დაწერა, დღეს მხოლოდ ორი დაუსრულებელი ძეგლი დგას, დანარჩენ 15-ს მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე ტექნიკური სირთულეებით ხსნის.
მოქანდაკე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა სრულად მასზეა.
"პასუხისმგებლობა მეკისრება ძირითადად, მე, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. როცა ამხელა საქმეს ჰკიდებ ხელს, ვერავის ვერაფერს ვერ გადააბრალებ. არის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთობ რთული პროექტია. ვიცოდი, რომ რთული იყო და ვცდილობდი მაქსიმალურად. ეს საქმე ასეთი მცდელობით რომ არ გამეკეთებინა, ამ შედეგსაც ვერ მივიღებდი. შედეგი ხარისხიანი ჩამოსხმული ფიგურებია,"-აცხადებს მოქანდაკე.
შინდისის გმირების მონუმენტის დასადგმელად თავდაცვის უწყებამ თითქმის მილიონი ლარი გაიღო, თუმცა შედეგი, წლებია არ ჩანს. ვინაიდან ძალოვან უწყებას მემორიალის მშენებლობაზე პასუხისმგებელ ფონდთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვს, სასამართლოშიც ვერ უჩივის.
თავდაცვის სამინისტროს ეჭვი თანხის მითვისებაზე აქვს. გამოძიება დაწყებულია, საქმე სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვისაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბრძოლაში რუსულ მოტომსროლელ ასეულთან ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა.