ამ დრომდე ავღანეთში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს. ქართველი სამხედროების თქმით, მათ ბაზიდან უსაფრთხო ევაკუაციასა და აეროპორტამდე მისვლაში, თურქი სამხედროები დაეხმარებიან.
საუბარია 23 მოქალაქეზე. ოფიციალური თბილისის მათთვის სპეციალური ბორტის გასაგზავნად ემზადება.
"აეროპორტამდე ჩვენი უსაფრთხოდ მისვლა ვერ მოხდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობაც პანიკაში იყო. ძალიან გადავსებულია აეროპორტი და ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით. გამომდინარე აქედან, მოხდა რამდენიმე ბორტის გაშვება ჩვენს გარეშე. ახლა შეგვპირდნენ, რომ თურქული სამხედროები დაგვეხმარებიან ბაზის ევაკუირებაში და აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლაში, სადაც საქართველოდან გამოგზავნილი თვითმფრინავი დაგველოდება,"- უთხრა "კურიერს" ავღანეთში მყოფმა ქართველმა თემურ ელიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ქაოსია. მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. ავღანეთს "თალიბანი" აკონტროლებს. თალიბებმა პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა. ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.