მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და საველე ჰოსპიტლის მოწყობის პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის ახალი ცენტრები იხსნება.
თბილისისა და მცხეთის შემდეგ, რეგისტრაციის გარეშე აცრა მოქალაქეებს ზუგდიდსა და ახლა უკვე - აჭარაშიც შეეძლებათ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სივრცე გაიხსნა, სადაც ჯავშნის გარეშე აცრა "ფაიზერით", "სინოფარმით" და "სინოვაკით" არის შესაძლებელი.
პრემიერმინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები მიიღებს მონაწილეობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეების ტრანსპორტირება უფასო იქნება.
"მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცეს მოემსახურება. ყოველ ერთ საათში მოხდება მოქალაქეების ტრანსპორტირება ვაქცინაციისთვის. ვთხოვთ მოქალაქეებს, იაქტიურონ,"-აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.