აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე - თბილისში მასობრივი ვაქცინაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეები დილიდან მიდიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. მოქალაქეებს დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე, Pfizer-ით, Sinovac-ით და Sinopharm-ით შეუძლიათ აცრა.
ადგილზე რესპულიკური საავადმყოფოს 6 ამცრელი ბრიგადა მუშაობს და მთელი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი მოქალაქის აცრა შეუძლიათ.
მოქალაქეები კმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება და მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება იმუნიზაციის პროცესი, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ვაქცინაციაში.
"წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირადობის მოწმობის საშუალებით, შეუძლიათ ყოველდღე 10-დან 18 საათამდე მიიღონ მომსახურება, აიცრან ნებისმიერი იმ ვაქცინით, რომელიც მათთვის არის სასურველი. დღეს ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 6 ბრიგადით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღოს ამ ცენტრში მომსახურება, თუმცა გვაქვს რესურსი, რომ გავაორმაგოთ ეს რაოდენობა იმისდა მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა,“ - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები ქალაქის რამდენიმე წერტილიდან ემსახურება.