მამუკა მდინარაძე ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში აიცრა. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
"თუ ჩემი ძალიან მცირე წვლილი შევიტანე იმაში, რომ პოპულარიზაცია მოხდეს ასეთი ცენტრების და ადამიანებს დავარწმუნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა აიცრას, რითაც გადავარჩენთ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ეს მხოლოდ კარგი იქნება. მოვუწოდებ ყველას, რომ აცრა არის სხვა რეგულაციების დაცვასთან ერთად ის აუცილებელი საჭიროება, რომელიც იმთავითვე ზრუნავს, უზრუნველყოფს ჩვენი ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მასობრივი ვაქცინაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეები დილიდან მიდიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. მოქალაქეებს დილის ათიდან საღამოს 6 საათამდე, Pfizer-ით, Sinovac-ით და Sinopharm-ით შეუძლიათ აცრა.