02 სექტემბერი 2026,   04:10
ვრცლად
ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი სახელაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ისტანციაში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, ის სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ელოდებოდა.

"ველოდი მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს სახელაშვილის მიმართ, ვინაიდან ის იყო უდანაშაულო და საქმის განხილვამ დაადასტურა. მოსამართლემ, იმის გამო, რომ ასეთი აჟიოტაჟი და ფონი შეიქმნა, ვერ გაბედა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, სააპელაციო იქნება თუ უზენაესი სასამართლო და ჩვენ მივალთ ბოლომდე, სტრასბურგამდე წავალთ და დავამტკიცებთ, რომ ამ საქმეში გიორგი სახელაშვილი არის უდანაშაულო,"- აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი კერატიშშვილმა ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები