"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მმართველი პარტია ამომრჩევლებს კანდიდატებს ამჯერად იმერეთში წარუდგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი საზოგადოებას და ამომრჩევლებს წარუდგინა.
"ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი და ხსნა ამ მძიმე ვითარებისთვის; იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა; რომ შევქმნათ მაქსიმალურად დოვლათი.
ასევე ამ ფარგლებში მინდა ვთქვა, რომ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად.
თქვენ გყავდათ და გყავთ ჯერ კიდევ მოქმედი მერი ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ღირსეულად, ერთგულად, გულით და სულით ემსახურა ხარაგაულს. რომელიც ასევე, ასეთივე ერთგულებითა და თავდადებით ბოლომდე დაიხარჯება და გააგრძელებს ხარაგაულისა და ხარაგაულელების მსახურებას.
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კობა ლურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ ხარაგაული კვლავ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მე ვაფასებ ამ დიდ ნდობას და ცხადია მჯერა თქვენი, ხარაგაულელების. მჯერა, რომ ხარაგაული კვლავ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ხარაგაული განვითარებას, განსაკუთრებით ხარაგაულის ხვალინდელ დღეს დაუჭერს მხარს და განსაკუთრებულად ხარაგაულელებისთვის კიდევ და კიდევ უფრო მეტი ტემპით გაგრძელდება ეს აღმშენებლობა, რაზეც აქ საუბარი იყო," - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.