30 აგვისტო 2026,   15:53
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი წარადგინა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მერობის კანდიდატების წარდგენას "ქართული ოცნება" იმერეთში აგრძელებს.

პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა. მმართველი გუნდის სახელით, ზესტაფონში ვასილ გველესიანი იბრძოლებს. 

"ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი გზა განვლო; ჩვენ ყველამ ერთად ღირსეულად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით ჩვენ რეალურად წინსვლა და პროგრესი შემოვიტანეთ," -განაცხადა წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

"ჩვენი მთავარი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში, მხოლოდ ამ მთავარ მიზანზე იქნება აქცენტირებული და ჩვენი კონცენტრაცია მიმართული იქნება სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე. ბოლო 8 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, ბევრი საქმე გააკეთა.

იმერეთის რეგიონი რომ ავიღოთ, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა ათასობით პროექტზე, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, უამრავი სამუშაო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა, თუნდაც აქ, ზესტაფონში, მოქმედი მერის, ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით. მინდა, მას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული კაცის მიმართ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად ემსახურა თავის ზესტაფონს და ზესტაფონელებს. ვახსენეთ რა ბატონი გიორგი, მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს კაცი არის მაგალითი და სახე ღირსების, ბრძოლის, თავდადების, შეუპოვრობის. კაცი, რომელიც ყოფილმა მჩაგვრელმა, სადისტმა ხელისუფლებამ დაიჭირა უსამართლოდ და უმოწყალოდ მოექცა ციხეში. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ოჯახი განადგურდა წინა ხელისუფლების დროს“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები