მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატები ამბობენ, რომ განხილვის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები იყო.
მსჯავრდებული პრეზიდენტის უფლებადამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და ნარკოსაშუალებებთან კავშირი არ ჰქონია.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ისინი პრემიერ-მინისტრს ე.წ. ჩელენჯის სახით სთავაზობენ, ნარკოტესტი მანაც ჩააბაროს.
"ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტესტზე ტესტი. ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი, მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც, ჩააბაროს ტესტი," - აცხადებს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს საკანში ტელევიზორი არ აქვს, იმ დროს როდესაც ყველა მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ტელევიზორით.
"მას არ გააჩნია ტელევიზორი, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. მას უთხრეს, რომ საწყობში არ არის ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა თურმე მისთვის საკანში ტელევიზორის დადგმა. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრდებულს უფლება აქვს საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ესეთი ტექნიკური წვრილმანი ხერხებით ცდილობენ, რომ შეაფერხონ და მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.