30 აგვისტო 2026,   15:51
ვრცლად
სააკაშვილს შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის უფლება, არ აძლევენ ტელევიზორს, იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში - გიორგი გელხაური

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერი ფსიქოტროპული და ნარკოტესტი გაიაროს. ამასთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში არ ეძლევა სატელეფონო ზარის უფლება, არ აძლევენ ტელევიზორს.

"მზად არის, გაიაროს ნებისმიერი ნარკოტესტი, მათ შორის, როგორც ფსიქოტროპულ, ისე მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში. სააკაშვილს შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის უფლება, ასევე არ აძლევენ ტელევიზორს, იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში და ჩვენ შევდივართ მის მოსანახულებლად, რომ გადავცეთ ყველა ის ინფორმაცია, დღის წესრიგი, რაც არის ამ პოლიტიკის,"- განმარტავს ადვოკატი გიორგი გელხაური.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას თვალს ციხის ადმინისტრაცია ადევნებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. 

"მიშა შიმშილობს, ნამდვილად შიმშილობს და ეს ყველას კარგად მოეხსენება, შიმშილობას თვალს ადევნებს ციხის ადმინისტრაციაც და ეჭვიც არ ჩნდება არანაირი. გუშინ როდესაც შევხვდით, ის იყო მხნედ, განწყობილია ბრძოლისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ძალიან კარგად გვესმის სასამართლოები თუ ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო და სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს, თუნდაც, ხვალ,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. 

დღის ამბები