20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
მერია საპატიო თბილისელებს დააჯილდოებს, გაიმართება საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობაც

თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის "თბილისობის" მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება.

"მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, "თბილისობა" სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით "თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და  პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 23-24 ოქტომბერს, თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.

"23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას  საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე,  („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში - პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე);  საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში - გეგეშიძის ბაღში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები