04 დეკემბერი 2021,   15:12
ვრცლად
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. ისინი ნოემბრის თვეში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასაც აანონსებენ, მიზეზად კი, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ვარდნას ასახელებენ.

მედიკოსების განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობა სასწრაფოდ ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, პარალელურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები კოვიდ სტატისტიკის მკვეთრ ზრდას და მის თანმხლებ სირთულეებს აანონსებენ.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია,  გაზრდილია ყველა მაჩვენებელი. მედიკოსის განმარტებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ რეგულაციების პირნათლად შესრულებით და ვაქცინაციის პროცესში მაღალი ჩართულობით არის შესაძლებელი.

"ამ ტემპით თუ გაგრძელდა იმუნიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება სავალალო მდგომარეობა და ძალიან რთული ზამთრის თვეები გვექნება. უკვე გადატვირთულია სამედიცინო სექტორიც და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ვინაიდან თუ არ შემცირდა ახლადინფიცირებულთა რიცხვი, რა თქმა უნდა, სექტორზე დატვირთვა მეტი იქნება," - აცხადებს ნათია გორდაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტის და პროფესორ მაკა ბულეიშვილის თქმით, ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა და წინ ძალიან რთული პერიოდი გველოდება.

"არის სერიოზული მატება ინფიცირებულთა რიცხვის და არ გამოირიცხება ის ფაქტიც, რომ კიდევ უფრო მოიმატოს მაჩვენებლებმა თუ ვაქცინაციის პროცესის სერიოზული აქტივაცია და რეკომენდაციების დაცვა არ იქნება," - აცხადებს ის.

დღის ამბები