26 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" აქცია და ავტოკოლონები რეგიონებიდან - მმართველი გუნდის მხარდამჭერები თავს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე მოიყრიან

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, დილიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ავტოკოლონები დაიძრნენ.

დილის 9 საათზე ავტოკოლონა თბილისისკენ, სამეგრელოდან დაიძრა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით თავისუფლების მოედნისკენ, ზუგდიდიდან და აბაშიდან წამოვიდნენ. ამბობენ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებით ქვეყნის ღირსებას იცავენ. 

პარალელურად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა დილით ადრე შეკრება დაიწყეს ფოთშიც. ღონისძიების მონაწილეები დედაქალაქში მხოლოდ ერთი მოტივით მოდიან, როგორც ამბობენ, არ სურთ წარსულში დაბრუნება. 

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დედაქალაქში გამოემართნენ, ქუთაისი იყო. 

ავტოკოლონები დაიძრა გურიიდანაც. თბილისში ჩამოსვლისა და მმართველი გუნდის მხარდაჭერის მთავარ მიზეზად, ადგილობრივებმა დღეს ქვეყნის განვითარების აუცილებლობა დაასახელეს.

მსგავსად გურიისა, მმართველი გუნდის მხარდამჭერები თბილისისკენ ბათუმიდან გამთენიისას დაიძრნენ. არა რევანშს და ბრძოლა ბოლომდე – ეს იყო ის მთავარი გზავნილები, რომელიც ბათუმში შეკრებილებმა დედაქალაქში წამოსვლამდე გააჟღერეს.

ავტოკოლონებით ჩამოსული მხარდამჭერები თავს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე მოიყრიან. სწორედ ამ დროს დედაქალაქის მთავარ მოედანზე მმართველი გუნდის ლიდერები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ. ამ ღონისძიებით "ქართული ოცნება" იმ საარჩევნო შეხვედრებს შეაჯამებს, რომლებიც რეგიონებში უკვე ჩატარდა და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაასრულებს.

დღის ამბები