ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება მიიღო. ტექსტში ხაზგასმულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო.
ერთობლივი განცხადების ავტორები კრემლს მოუწოდებენ, უკან წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. აქვე არის მიმართვა საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენის თაობაზე.
"მე მესმის, რომ თქვენს მაყურებლებს თუ მკითხველებს, უკრაინელი, შვედი თუ სხვა ქვეყნების მაყურებლებისა და მკითხველების მსგავსად, ყოველთვის სურთ ძლიერი და გადამწყვეტი ნაბიჯების ხილვა, რომელიც ყველაფერს შეცვლის და შესაძლოა არ იყვნენ აღელვებულები მორიგი დოკუმენტით, რომელიც ეუთოში ან სადმე სხვაგან მიიღეს.
თუმცა, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა მეორის ოკუპაციას ახდენს, საოკუპაციო ძალას სურს ყველამ მიიღოს ეს ახალი რეალობა და დაიჯეროს, რომ ეს ოკუპაცია შეუქცევადია და ამ ტერიტორიებზე ისინი მუდმივად დარჩებიან.
ასეთი პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ აგრესიისა და ოკუპაციის საკითხი მაღალ საერთაშორისო დღის წესრიგში ამყოფონ, მოახდინონ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, რათა ეს საკითხები არ იყოს დავიწყებული და არ იყოს მიღებული, როგორც ახალი რეალობა.
ამიტომაცაა მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული დოკუმენტი მნიშვნელოვანი, რადგან ესაა ერთგვარი დამადასტურებელი ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა დროს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენჯერ იტყვის რუსეთი, რომ არაფერი შეიცვლება. საერთაშორისო საზოგადოება არ იღებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას და ამ ტერიტორიებზე მყოფ მარიონეტულ რეჟიმებს. ისინი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და დიპლომატიური გზებით ერთად იმუშავებენ მის აღსადგენად,“ - აცხადებს დმიტრი კულება.