16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ უთანხმოების საგანია - რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები

საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ უთანხმოების საგანია. აზრთა სხვადასხვაობას ირაკლი კობახიძის განცხადება იწვევს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების განხორციელება მხოლოდ "ქართული ოცნების" კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

"პრინციპი არის ის, რასაც ხელი მოვაწერეთ მიშელის შეთანხმების დროს. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი ჩაიდო ამ დოკუმენტში. როდესაც მივაღწიეთ და მოხდა ისტორიული მოვლენა, რომ პირველი მოსმენით, ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა ცვლილებებს, ამის რევიზია და ჩამოშლა, ჩემი აზრით მეორე და მესამე მოსმენისთვის ისტორიული შეცდომა იქნება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მათთვის დაბალი ბარიერის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა  ერთპარტიული პარლამენტი არ იყოს. 

მმართველ გუნდში კი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ამბობენ, რომ მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ მხოლოდ 2024 წლიდან იქნება არჩევნები პროპორციული წესით. ამის ჩაწერით კი, უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველს გამოაცლიან:

"როდესაც ვმსჯელობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ მხოლოდ 2024 წლიდან იქნება არჩევნები პროპორციული წესით. ამის ჩაწერა იმიტომ არის მნიშვნელოვანია, რომ რადიკალურ ოპოზიციას გამოეცალოს ვადამდელი არჩევნების საკითხის დაყენების საფუძველი. რადგანაც ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუმცა ამაზე ყოველდღიური მოთხოვნა მაინც ქმნის გარკვეულ ფსევდოპოლიტიკური დაძაბულობის სურათს,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

დღის ამბები