ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი იწყება. ქართული მხარე მთავარ განსახილველ თემებად ამჯერადაც მცოცავ ოკუპაციას, გატაცებებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს დააყენებს. ეს ის საკითხებია, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებების გამო ტრადიციულად მოუგვარებელია.
რეგიონში არსებული რთული ფონის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას აზრით, მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი არ იქნება მარტივი.
ლაშა დარსალია აღნიშნავს, რომ რუსეთი მუდმივად ახდენს ჰუმანიტარული საკითხებით ზეწოლას უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებების პროცესს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სიძლიერე საერთაშორისო მხარდაჭერაშია.
"იქნება ეს უკანონო ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მშობლიური ენის შეზღუდვა თუ გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სინამდვილეში ემსახურება ერთ მიზანს, რათა რაც შეიძლება დიდი იყოს ზეწოლა ქართულ დელეგაციაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მძიმე ფონიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესი იქნება საკმაოდ რთული.
მთავარი სიძლიერე არის საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და მთლიანად ქართულ-რუსული კონფლიქტთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრები დღეს არის დაგეგმილი.
2021 წელს მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი დაასრულებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართული არის და მუშაობს 2 ჯგუფი, ერთი ჰუმანიტარულ, მეორე კი უსაფრთხოების საკითხებზე.