თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რაიონების გამგებლები უნდა დაამტკიცოს. დედაქალაქის მერმა ისინი გუშინ წარადგინა. მათ შორის 4 ახალი და 6 ძველი გამგებელია. ოპოზიციისთვის წარმოდგენილი გუნდი მიუღებელია და აცხადებენ, რომ შემადგენლობაში ცვლილებები არ არის, გარდა იმისა რომ მასში 4 ახალი სახეა. ისინი არ აპირებენ, მხარი დაუჭირონ კახა კალაძის ახალ შემადგენლობას.
“ის გვთავაზობს გუნდს, რომელმაც არაფერი აკეთა თბილისელებისთვის, არაფერი აკეთა თანამოქალაქეებისთვის, არაფერი აკეთა ქალაქისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდის საქმიანობის მთავარი ხაზი გადიოდა კორუფციაზე, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მხარდაჭერაზე ვერ ვისაუბრებთ,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნინო კვიტაიშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”თბილისი საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, თბილისის მთავრობაში არსებობს.
"ის ფაქტი, რომ თბილისის მთავრობა არის ძველი შემადგენლობით წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით შიდა როტაციის რამდენიმე მაგალითს, ეს ფაქტიც კი თავისთავად, ამტკიცებს და ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ოცნება არ აპირებს რაიმე ახალი შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს.“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.
დღეს საკრებულოში ორი სხდომაა. ერთი მათგანი 13:00 საათზე დაიწყება, რომელიც გაერთიანებულ კომიტეტებს აერთიანებს და მასზე კახა კალაძის გუნდის წევრები იქნებიან წარმოდგენილები. ისინი საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხებენ. ოპოზიციის ნაწილი ამ სხდომას არ დაესწრება.
რაც შეეხება მეორე სხდომას, ის 16:00 საათზე შედგება და მას კახა კალაძეც დაესწრება. ამავე სხდომას დაესწრებიან ოპოზიციის წევრებიც და მერს კითხვებს დაუსვამენ.