ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი დაიწყო. პარტნიორ ქვეყნებთან ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე, საქართველოს დელეგაცია მთავარ განსახილველ თემებად, ამჯერადაც რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან, მცოცავი ოკუპაცია, გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემები კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დაასახელა.
დისკუსიის მთავარი დღე კი ხვალ იქნება, თუმცა უკვე დაიწყეს პირველ საკითხზე მსჯელობა.
"პირველი საკითხების განხილვა უკვე მიმდინარეობს და როგორც მოსალოდნელი იყო ფონის საკმაოდ მძიმეა. ერთ-ერთი მთავარი თემა არის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სამწუხაროდ გვაქვს რეალობა, როდესაც არის მცდელობა, რომ ჰუმანიტარული საკითხები უსაფრთხოების თემებს მიებას და გამოყენებული იყოს, როგორც ზეწოლის მექანიზმი," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი, ხვალ დღის ბოლოს დასრულდება და გახდება ცნობილი, იქნება თუ არა, რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული წლის ბოლო შეხვედრაზე.