16 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული, მაგრამ განუწყვეტლივ რაღაც მოთხოვნების დაყენება არ მიმაჩნია სწორად-ლევან იოსელიანი 

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა ისევ გააგრძელა. პროტესტი ამჯერად რამდენიმე საათს გაგრძელდა. გუშინ საღამოს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა მედიასთან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი აღარ გააგრძელებდა სამედიცინო სერვისების მიღებას, რადგან მის მიმართ მნახველების მიღების აკრძალვა და ტელევიზორის ჩამორთმევა იგეგმებოდა. დღეს დილით ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილისგან სხვა ინფორმაცია გამოიტანეს, მათი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მკურნალობას ისევ აგრძელებს.

მიხეილ საკაშვილის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ოპოზიციონერი ლიდერები. როგორც პარლამენტის წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, როდესაც პატიმარი არის ექსპრეზიდენტი, მას განსაკუთრებული მოპყრობა და პირობები სჭირდება.

"რომ აიღოთ მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტებთან დაკავშირებული, არსებობს, თანასწორობასთან ერთად, განსაკუთრებული მოპყრობის წესი და პირობები. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პრაქტიკას აშშ-ში - იყო 46 პრეზიდენტი 200 წლის მანძილზე და ვერ ნახავთ ვერცერთ პრეზიდენტს, რომელიც სატუსაღოში გამოკეტეს. მით უმეტეს, ცნობილი ფაქტები რომ ავიღოთ. შეიძლება პრეზიდენტი გადააყენო, ან დაემუქრო იმპიჩმენტით, მაგრამ ვერ იპოვით ვერცერთ შემთხვევას ამერიკის 200 წლის მანძილზე, რომ პრეზიდენტები სატუსაღოში გამოკეტეს და თმებით ათრიეს,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილიც. ის არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პატიმრობის ვადის დამძიმებით დაემუქრნენ.

"მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მორიგ ჯერზე დაემუქრნენ სააკაშვილს მისი პატიმრობის პირობების დამძიმებით და შემდგომ, მისი მხრიდან შესაბამისი პროტესტის შედეგად უკან დაიხიეს. იმიტომ რომ ასე იქცევა ხელისუფლება მასთან მიმართებაში. ეს ყველაფერი, ცხადია, აისახება იმ შეფასებებზე, რასაც გააკეთებს სტრასბურგის სასამართლო,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსპრეზიდენტის რამდენიმესაათიან პროტესტს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი. როგორც იოსელიანი ამბობს, ექსპრეზიდენტის უფლებები უნდა იყოს დაცული, თუმცა განუწყვეტლივ მოთხოვნების დაყენება არ მიაჩნია მართებულად.

"მისი უფლებები უნდა იყოს გარანტირებული, მაგრამ, მეორეს მხრივ, განუწყვეტლივ რაღაც მოთხოვნების დაყენება და შემდეგ კომენტარების კეთება, მე არ მიმაჩნია სწორად,"-ლევან იოსელიანი.

დღის ამბები