"ნაციონალური მოძრაობის" მზადყოფნას, რომ - წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიაში.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ამ შეთავაზებით მართლდება ის არგუმენტები, რომელსაც მმართველი გუნდი თავის დროზე ასახელებდა გახარიასა და ენმ-ს საერთო ინტერესების შესახებ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის თქმით, ორი პოლიტიკური ძალა თავიდანვე ალიანსში იყო და საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
"ჩვენ რომ ვამბობდით, რომ გახარიამ ერთი ერთში ნაციონალური მოძრაობის დაკვეთა შეასრულა და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არაფერი ობიექტური საფუძველი მას გადადგომის არ ჰქონია და ეს იყო მხოლოდ საბაბი მის მიერ გაჟღერებული საკითხები და ერთი ერთში ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მიიღო გადაწყვეტილებები, ეს არის ჩვენი მაშინდელი ნათქვამის გაგრძელება, რომ ნაციონალური მოძრაობა და გახარიას გუნდი ერთად დალაგდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას საკრებულოებზე. ეს კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება რომ რეალურად ეს არის ერთი ინტერესის მატარებელი ორი ჯგუფი,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახაირას პარტიასთან საერთო ინტერესების შესახებ სიმართლის აღიარება მოუწია.
"ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებდა, რომ გახარიას პარტია იყო ოპოზიცია და ახლა მოუწია, რომ აღიაროს. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ არის თანმიმდევრული, როგორც მინიმუმ. არავის არ უკვირს ნაციონალური მოძრაობის შეცვლილი დღის წესრიგი," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.