"ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" შესაძლო თანამშრომლობის შესახებ შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. ენმ-ის მზადყოფნას, რომ წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი "ნაციონალურ მოძრაობას" კოლეგებთან ურთიერთობას უწუნებს და ამბობს, რომ მათდამი ნდობა არავის აქვს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა ისწავლოს კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებთან ურთიერთობა. არ შეიძლება ერთ დღეს მუჯლუგუნებს იქნევდე, მეორე დღეს ქართულ ოცნებაზე მოსყიდულს ეძახდე, მესამე დღეს თანამშრომლობას სთავაზობდე და ეს პერმანენტულად იმაზე იყოს მორგებული, იმ წუთში შენ რა გაწყობს. იმიტომაც არავის არ აქვს მათდამი ნდობა. აქედან გამომდინარე, როდესაც იქნება განცდა, რომ შეთანხმებას აქვს ფასი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან და ის მეორე წუთში არ გახდება შენზე თავდასხმის და ბულინგის ობიექტი, მაშინ შეიძლება რაღაც ტიპის შეთანხმებებზე ლაპარაკი," - ამბობს ლევან იოსელიანი.
პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი კომპრომისის და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ოპოზიციას სჭირდება მოიფიქროს თანამშრომლობის ის ფორმულები, რომელიც იქნება დაფუძნებული კომპრომისზე. კომპრომისი ნიშნავს, რომ ვერ მიიღებს ყველა ყველაფერს, რაც უნდა, მარგამ ჩვენ კომპრომისების გზით შევქმნით ერთიან მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, რაც ჩემო აზრით საჭიროა საკრებულოებში და სხვაგან. ამიტომ, ზოგადად, თანამშრომლობა ოპოზიციის შიგნით და შესაბამისი ფორმულების მოძებნა, ჩემი აზრით, არის აუცილებელი," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წინადადებაზე შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.
"დახარისხება ოპოზიციის არ არის ჩვენი საქმე, ეს უნდა დაახარისხოს ამომრჩეველმა. ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ბევრ ოპოზიციურ პარტიას. ამ რეალობას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.