ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარედ ვერც "ქართული ოცნების" და ვერც პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი ვერ აირჩიეს, თუმცა უმრავლესობით წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ მათ მხარი გიორგი გახარიას გუნდის წევრს დაუჭირეს. ამ მოცემულობით, მთავარ ოპოზიციურ ძალასა და ყოფილი პრემიერის პარტიას შორის მუნიციპალური თანამშრომლობა შედგა, მაგრამ, ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგის გარეშე.
ნიკა მელიამ გახარიას გუნდის შეთავაზებას შემხვედრი წინადადებით უპასუხა, რომლიც მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა მზად არის, ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულ საკრებულოებში მხარი პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატებს დაუჭიროს.
გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალების" შეთავაზებას, ჯერჯერობით, მხოლოდ თეორიული ხასიათი აქვს. პოლიტიკური ძალაში განმარტავენ, რომ ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებს. არგუმენტად ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში განვითარებული პროცესები მოჰყავთ, როდესაც მათმა კანდიდატებმა თავმჯდომარეობისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვეს.
მმართველი გუნდისთვის "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს ყოფილი ოპონენტის გუნდთან, იმის დადასტურებაა, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ, "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ ძალებს საერთო ინტერესი ამოძრავებთ.
ეთანხმება თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის პოლიტიკურ შეთავაზებას, ამაზე პარტიის წარმომადგენლებს დღეს არ უსაუბრიათ, მათ შორის, არც ლევან ვარშალომიძეს, რომელიც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კონკურენტი იყო. ის დღეს ერთადერთი იყო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებულ დამფუძნებელს შეხვდა. იყო თუ არა მათ შორის საუბარი პარტიაში საკადრო ცვლილებებზე, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში მედია აქტიურად საუბრობს, არ დაკონკრეტებულა.. ვარშალომიძეს არც ის უთქვამს გადაჭრით, დაუჭერს თუ არა მხარს ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის კანდიდატურას, რაზეც ნიკა მელიამ გადაწყვეტილება საჯაროდ უკვე გამოაცხადა.
პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ტანდემს განსხვავებულად უყურებენ მათი კოლეგებიც. ნაწილს მიაჩნია, რომ ოპოზიციას ახლა ერთიანობა სჭირდება. ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის კი გაუგებარია მწვავე კრიტიკისა და თავდასხმების შემდეგ როგორ უნდა ითანამშრომლონ პოლიტიკურმა ძალებმა.
თანამშრომლობა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს შორის ახალი არ არის "ქართული ოცნებისთვის", სადაც დღეს არაერთხელ განაცხადეს, რომ "ნაცმოძრაობის" და გახარიას გუნდის ალიანსი ძველი პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაა.
შედგება თუ არა ოპოზიციური თანამშრომლობა ოპოზიციურ საკრებულოებში, ეს მიმდინარე დღეებში გაირკვევა, როდესაც წარმომადგენლობით ორგანოებში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.