16 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთის საქმეში შესაძლოა ახალი ბრალდებული გაჩნდეს - საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად უკვე გადაეცა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე და არც მას შემდეგ, პროკურორსა და ადვოკატებს არ დაუსახელებიათ ის პირი, ვინც ყოფილ პრეზიდენტს უკრაინიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში ეხმარებოდა.

საქმის პროკურორმა მხოლოდ ის თქვა, რომ ის ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანია. შესაძლებელია თუ არა, ეს ინფორმაცია კონკრეტული პირებისთვის ბრალის წარდგენის მოტივი გახდეს, ჯერ უცნობია. გაურკვეველია ისიც, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრეც.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმე, სასამართლოს არსებითად განსახილველად უკვე გადაეცა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე კი, მოსამართლემ მხოლოდ შუამდგომლობებსა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა.

მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება მიეცათ, არ დააკმაყოფილა. პარალელურად, არ დაკმაყოფილდა არც ბრალდების მხარის შუამდგომლობის ის ნაწილიც, სადაც გამოძიება მოწმეთა სიიდან 12 პირის ამორიცხვას ითხოვდა. 

მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, მისივე გადაწყვეტილებითვე, საქმეს მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც დაერთო, რაც სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა იყო. დღეს მათი მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი უკანონოდ არ გადმოუკვეთავს და საქმე პოლიტიკურია, ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მტკიცებულებები არსებობს და ისინი ამას სასამართლოში დაამტკიცებენ

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერს დაიწყება. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და სისუსტე დაასახელა.

დღის ამბები