საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება და საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რის გამოც ეს ქვეყანა იდეალური პარტნიორია, განსაკუთრებით მსოფლიოში არსებული არასტაბილური გარემოს ფონზე - ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას ამერიკელი კონგრესმენები იმ წერილში, რომელიც მათ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს - კეტრინ ტაის მიწერეს.
"ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, რა თქმა უნდა, არის მთავრობის მუშაობის შედეგი" - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამერიკელი კონგრესმენების წერილს. მინისტრისთვის ეს აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი უტყუარი დადასტურებაა.
ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლებთან ქართული მხარის გრძელვადიან თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას დავით ბაქრაძეც. აშშ-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, პრიორიტეტები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის, უკვე განსაზღვრულია. თავად ამ შეთანხმების გაფორმება კი საქართველოს წარმომადგენლობისთვის დღის წესრიგის უცვლელი საკითხია.
საქართველო ამერიკის პარტნიორული თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს. მართველი გუნდის წევრების აზრით ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირში, განსაკუთრებული როლი აქვს ურთიერთობებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. კონგრესმენების სურვილი კი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საჭიროებაზე, სახელისუფლებო პარტიის წევრების შეფასებით საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტების მომტანი აღმოჩნდება.
წერილს, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს 8 კონგრესმენი აწერს.