16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
საპარლამენტო ფრაქციის შექმნა სხვადასხვა სიით გასულ დეპუტატებსაც შეეძლებათ - საპროცედურო კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში ფრაქციის შექმნა ორ დეპუტატს შეეძლება, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიის საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში. 

"დღეს არსებული ჩანაწერის მიხედვით, ორკაციან ჯგუფს შეუძლია შექმნას საპარლამენტო ჯგუფი, მაგრამ შეზღუდვაა - ერთი საპარლამენტო სიიდან უნდა იყოს ეს ადამიანები წარდგენილი. ჩვენ ვაკეთებთ ტექნიკურ დაზუსტებებს, რომ არ შეიზღუდოს ეს ერთი საპარლამენტო სიით და სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ გაერთიანების შესაძლებლობა, იმ ადამიანებსაც, ვინც იყვნენ ჩვენთან ერთად ფრაქციაში, სხვადასხვა სიიდან,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების საშუალება ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პლატფორმა, ნებისმიერი ტრიბუნა უნდა გამოიყენოს პარლამენტის წევრმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა საქართველოს პარლამენტში, სწორედ ამ მიზნით, დავუჭირეთ მხარი ოპონენტების ინიციატივას რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უკვე, მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებელს", როგორც საარჩევნო ბლოკის სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ იქნება მიღებული ეს ცვლილებები, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან საარჩევნო ჯგუფი. ასევე, სხვა საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია საქართველოს პარლამენტში,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები