მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, ოპოზიცია, რომელიც შეთანხმებაზე საუბრობს, ქმედებებით საპირისპიროს ადასტურებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შერიგებაზე საუბარი უადგილოა.
"შეუსაბამოა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან თითქოს რაიმე შერიგებაზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ იმავე წუთს საუბრობენ პოლიტიკურ არეულობაზე. ახლა უწოდებენ პრეზიდენტს, როდესაც სჭირდებათ, რომ როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ ან ა.შ.? ამიტომ, უხერხულია,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
"მსჯავრდებული სააკაშვილი იხდის მისთვის კანონის შესაბამისად მიკუთვნებულ სასჯელს. ჩვენი დღის წესრიგი არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ამიტომ, თუკი ვინმე პოლარიზაციაშია შესული, ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთ დღის წესრიგში არიან. ამიტომ, ისინი უნდა გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.