16 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ჩვენი გზავნილი ერთია, თუ იქნება უპრეცედენტო თავდასხმა უკრაინაზე, ამას მოჰყვება დასავლეთისგან უპრეცენდენტო პასუხი - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმართება. განხილვის ერთ-ერთი თემა რუსული აგრესიის პრევენცია და კრემლისთვის სანქციების დაწესებაა. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, მზადყოფნა უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებისთვის ემზადება. მისი თქმით, თუ ეს მოხდება, მის ქმედებას დასავლეთისგან უპრეცენდენტო პასუხი მოჰყვება.

გარდა ამისა, ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.                 

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო შემთხვევაა. უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული და მზად იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენი გზავნილი ერთია - თუ იქნება უპრეცედენტო თავდასხმა ამას მოყვება დასავლეთისგან უპრეცენდენტო პასუხი. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, მე არ გამკვირვებია რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩემთვის მათი ეს ქმედება არ იყო სიურპრიზი, რადგან რუსეთის სტრატეგიული ბერკეტია, განაცხადონ რომ თუ არ მოხდება ისე როგორც მათ სურთ, მაშინ იქნება ომი. ჩვენ არ ვაპირებთ ეს შანტაჟი მივიღოთ. სტრატეგიული და უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის საკითხის მიმართულებით, არა ნატომ, შეერთებულმა შტატებმა ან ევროპამ, არამედ თავად ამ ქვეყნების მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. ომის შესაჩერებლად თავშეკავება მთავარი გამოსავალია. რაც შეეხება უპრეცენდენტო პასუხს აქ ვგულისხმობთ სანქციებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა სანქციები ფართო მასშტაბით იქნება. როცა საუბარია ნატოს მომავალზე, ყველა ეს საკითხი ბრიუსელში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ვფიქრობ ახლა შესაძლებლობა გვეძლევა შევთავაზოთ გაზრდილი დახმარება იმ ქვეყნებს ვისთვისაც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს . ევროკავშირს ბევრი ინსტრუმენტის გამოყენების საშუალება აქვს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდეს განცხადებით კი, საქართველოსთან ახლო ურთიერთობა აქვთ და ამის გაგრძელების სურვილიც არსებობს. 

"საქართველო, რა თქმა უნდა, არის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან ჩვენ კვლავ გვაქვს უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით. გვსურს ახლო თანამშრომლობა საქართველოსთან. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული რეფორმები საქართველოში გრძელდება. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და გვსურს ეს ურთიერთობა გაგრძელდეს.“ - განაცხადა ანა ლინდემ.

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გორდან რადმანი კი აცხადებს, რომ რუსეთის განცხადებას ბუქარესტზე გაცემული დაპირების შესახებ შეხვედრაზე განიხილავენ.

"დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენი - ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება და ნათელი გზავნილი რომ მათ ეს მხარდაჭერა აქვთ," - ამბობს გორდან რადმანი

დღის ამბები