მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანო ნათია თურნავას მოუსმენს. დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. სესიას დაესწრება როგორც უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
"ეკონომიკის მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე ობიექტური პარამეტრი არის ის რეალური ვითარება, რაც ქვეყნის ეკონომიკაშია - ინფლაცია, ფასების ზრდა, ლარის კურსი. ამ ვითარებაში პარლამენტში ქალბატონი ნათია თურნავას მოსვლასა და დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ დღევანდელ სესიაზე, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, მინისტრის "მუდმივად კმაყოფილების" მიზეზით დაინტერესდება :
"მე მექნება კითხვა, როდესაც 1 მლნ ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში, ინფლაციაა ქვეყანაში, არ იქმნება სამუშაო ადგილები, 60 ათასზე მეტი მუშახელი, ახალგაზრდა ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ყოველდღე გარბიან ადამიანები, ამ პირობებში რა მოტივაცია აქვს მინისტრს, რომ ყოველთვის ასე კმაყოფილია," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი ნათია თურნავასთან სწრაფი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები.
"პრემიერმა დააანონსა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ზრდა ქართულ ეკონომიკაში. რის ფონზე და რის საფუძველზე მოხდება ეს 2022 წლიდან, გვექნება კითხვები ამასთან დაკავშირებით და - ასევე, გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, როგორ აპირებს ფინანსთა მინისტრი გაუმკლავდეს იმ მიმართულებებს, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაუმჯობესდეს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა," - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
"არსებული ვითარება, პანდემია და პოსტ პანდემიური პერიოდის დაგეგმარება ჯერადობით ზრდის ამ მოხსენების მნიშვნელობას. ჩემი ძირითადი კითხვები და ინტერესის სფერო იქნება, რა მოიაზრება სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და რა მიმართულებები აქვს ეკონომიკის სამინისტროს, ხელი შეუწყოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში, დაახლოებით, 15 საათისთვის მივა.