საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს ორბელიანების სასახლეში საახალწლო მიღებაზე ელოდება. სალომე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ჩაითვალა, როგორც პოლარიზაციის დასაძლევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. მიპატიჟების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე მისვლისგან თავს იკავებს.
"სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონია და საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც როგორ ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.
იგივე მიზეზით მიღებაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა დიალოგში მონაწილეობაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია:
"ძალიან გამიჭირდება, იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში - ეს ერთი და მეორე - არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, რომ ეს არის კარის დახურვა პროცესზე, პირიქით, მე სულმოუთმენლად ველოდები, როცა ის შეძლებს შეხვედრას და ამ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გიგი უგულავა კი ამბობს, რომ ის პროცესებს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა მისი გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ საახალწლო მიღებაზე მისვლას არც ის აპირებს.
"სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება. ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება იყო ერთადერთი ის სიტყვა, რომელიც ამ შემთხვევაში არის რელევანტური, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, რა უნდა, ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს," - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მიპატიჟებას, პოლარიზაციის დასაძლევად ინკლუზიური პროცესის დაწყებად აღიქვამს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა არის ერთგვარი მაშველი რგოლი, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს.
"ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, ჩემი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან ამ მიღებაზე დასწრება, თუმცა ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ჩვენ იქიდან გამოვალთ რაღაც კონკრეტული სამოქმედო გეგმით. ეს იქნება პირველი კეთილი ნების ნაბიჯი, მათ შორის ჩემი მხრიდან, იმის დემონსტრაციისთვის, რომ დიახ, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
დავით ბაქრაძის თქმით, ის მიღებაზე მიდის არა საახალწლო განწყობის, არამედ კითხვებზე პასუხის მისაღებად:
"იქ არ მივდივარ მიღების, ნაძვის ხის და შამპანურის გამო, მე იქ მივდივარ, რომ პასუხი მივიღო მთავარ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას თანხმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან მიმართებაში, როგორ წარმოუდგენია მას თავისი როლი და მზად არის თუ არა გადადგას ნაბიჯები, მაშინ როდესაც დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, პრაქტიკულად, დასრულდა," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მიღებას კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და არასწორად მიაჩნია ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს და ამავდროულად მის მიპატიჟებაზე უარს აცხადებს.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ ის შერიგების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მისი თქმით, ამის გულწრფელი სურვილი არ იგრძნობა არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.