საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. მიღებაზე, რომელიც პოლარიზაციის დასაძლევად მიმართულ ინიციატივად ჩაითვალა, მისვლისგან თავს იკავებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და მოძრაობა "დროა". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ქვეყანაში სტაბილიზაციის სურვილი არ აქვს. თავად "ქართული ოცნებიდან" კი ღონისძიებაში მონაწილეობას ირაკლი კობახიძე მიიღებს.
"პარტიის თავმჯდომარე მიიღებს ამაში მონაწილეობას, ჩვენ ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" რეაქცია, რომ ისინი არ მივლენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" ფარისევლობას. ისინი ხან პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე, ახლა მოწვევაზე უარით პასუხობენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციაზე მიმართული ძალა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ვმართოთ ეს ქვეყანა, ვინაიდან ქართველმა ხალხმა სწორედ ჩვენ მოგვანიჭა ეს მანდატი. რაც შეეხება შერიგებას, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.
შერიგებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს ბლეფს უწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა.
"რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი - "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს და არ ხვდება. ამ დროს მთელი ერთი თვეა აქცია აქვთ, რომ მივუტევოთ, შევუნდოთ ერთმანეთს, რა დროს დაპირისპირებაა და პრეზიდენტმა რომ მიიწვია, იქ არ მიდიან, იმიტომ რომ თავისი დღის წესრიგი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მათი ყველა ინიციატივა, შერიგებასთან დაკავშირებით, ყველა ის მცდელობა, ნიანგის ცრემლები - ეს არის ბლეფი და მეტი არაფერი," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
უარის თქმა იმის გამო, რომ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა საახალწლო მიღების ფორმას ატარებს, აზრს მოკლებულად მიაჩნია "ქართული ოცნების" წევრ გურამ მაჭარაშვილს.
"დადგა წინასაახალწლო პერიოდი, იმედია ამაში მაინც შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ნამდვილად დადგა. "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს, რომ დგება ახალი წელი. ასეთი ტიპის, მათ შორის არაფორმალური ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთმანეთში უკეთესად დაილაპარაკონ. გამომდინარე აქედან, პოლიტიკოსებს უფრო შეუწყობს ხელს თუ ამ სიტუაციას ოპოზიცია გამოიყენებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.