საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს, - შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს შორის გაიმართა, აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა, როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები.
“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია ჩვენს ოფისს ბრიუსელში ევროკავშირთან ერთად გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ. ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრის აპარატთან, რომ გავუწევთ საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს რიგ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, საქართველოში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებასთან, ასევე საქართველოსთვის ფინანსური რესურსების მოზიდვასთან, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო სამუშაოს გულისხმობს”,- განაცხადა კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველმა დირექტორმა არიელ მალარდ დე როტშილდმა.
"Rothschild & Co" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური სერვისების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავუწიოთ ქართულ მხარეს კონსულტაციები სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ტრადიციები, განიხილავს დღევანდელ სამყაროში ქონების მართვის ცენტრად ჩამოყალიბების საკითხს. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და საამაყო, რომ ჩართულნი ვართ ამ პროცესში კონსულტანტების რანგში”,- აღნიშნა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ Kaiser Partner-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან ლინიგერმა.