ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიწვევა ორბელიანების სასახლეში არის ერთ-ერთი შესაძლებლობა პოლარიზაციის შემცირების კუთხით და ამ შესაძლებლობების გამოყენებას აპირებენ.
მათ შორისაა პოლიტიკური პარტია "ლელოც", რომლის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტების ირგვლივ გაერთიანება და პოლიტიკური დიალოგის დაწყება.
"ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტების ირგვლივ გაერთიანება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ახლა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ჩვენ დავიწყოთ ის დიალოგი, რომელიც მოგვიტანს პოლიტიკურ ვითარებაში სტაბილიზაციას, რბილად რომ ვთქვათ,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
"ეს ნაბიჯი არის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საგულისხმო იმისთვის, რომ შესაძლებლობები გამოვაჩინოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით. რამდენად გამოვა, ეს დამოკიდებულია პროცესზე. მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს ის ხედვა, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს. იმედი მაქვს, შემდეგში იქნება ნება იმისა, რომ რეალურად გადავდგათ ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილიც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისა და პროცესის დასაწყებად ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრა უნდა იქნეს გამოყენებული.
"ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური ღონისძიება, რომელიც პოტენციურად შესაძლებელია ეხმარებოდეს პოლარიზაციის შემცირებას, ყველა ასეთი შესაძლებლობა გამოსაყენებელია. ფაქტია, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაიწყო ამაზე საუბარი და საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი და რა შედეგამდე მიდის საუბარი,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.