16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
სუვერენიტეტისადმი ერთგულება, "ასოცირებული ტრიოს" ურთიერთობის გაძლიერება და რეფორმების მხარდაჭერა - რა წერია აღმოსავლეთ პარტნირობის 20 პუნქტიან​ დეკლარაციაში

რა შედეგებით დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი ბრიუსელში - შეხვედრების შემდეგ "ასოცირებულმა ტრიომ": თბილისმა, კიევმა და კიშინიოვმა, მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ბრიუსელის პასუხი 20 პუნქტიან დეკლარაციაშია ასახული, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორების ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, უფრო ზუსტად კი, ევროკავშირის წევრობის დაპირებას, აქ ევროპა უფრო ფრთხილია და დოკუმენტში ისევ პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებაზე საუბრობს.

გამოწვევებთან გამკლავებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს, ევროკავშირი ორ ნახევარი მილიარდის პაკეტსაც სთავაზობს. ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ ამას სახელმწიფოებისთვის 17 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი აქვს.

თბილისისთვის ეს პერსპექტივა უკვე გამოჩნდა. ევროპის უმდიდრესი ოჯახი საქართველოთი დაინტერესდა. "როტშილდების" ბრიუსელის ოფისში პრემიერის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გერმანელი ბანკირებისა და ფინანსისტების დინასტია საქართველოს ინევსტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

ეს "როტშილდების" პირველი შეხება არაა საქართველოსთან. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეებში რკინიგზის აშენებაში 10 მილიონი ამერიკული დოლარი "როტშილდებმა"​ ჩადეს.

ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნებულ დელეგაციას უკვე მიღებული აქვს ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ევროინტეგრაცია დაჩქარდეს. ესაა ქვეყანაში არსებული პოლარიზების დაძლევა და რეფორმებზე მუშაობა, რათა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სისრულეში მოვიდეს, საქართველო კი ევროპულ ოჯახს ოფიციალურად შეუერთდეს.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს ღია მმართველობის პარტნიორობის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტმა, კანადის პრემიერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას.

"ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნიდან 10 წლის შემდეგ ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, გადავიტანოთ ყურადღება მყისიერი შედეგების მიღწევიდან ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე უფრო ტრანსფორმაციული ხასიათის გავლენის მიღწევაზე; ღია მმართველობის უზრუნველყოფა არ არის იოლი ამოცანა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და კონცენტრირების არეალის გაფართოება, რათა მან, ღია მონაცემების, ღია ბიუჯეტების და ა. შ. გარდა, ასევე მოიცვას სხვა სექტორები, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე; დემოკრატიის შესახებ ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა: გლობალურმა პანდემიამ ცხადყო, რომ საკითხები, რომლებიც ორიოდე წლის წინ ეხებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას თუ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, დღეს გულისხმობს სიცოცხლისა და საარსებო საშუალებების გადარჩენას და ეს ბრძოლა მოითხოვს უფრო მედეგი დემოკრატიების მშენებლობას. ჩვენი საქმიანობის ხაზგასმის გარდა, ასევე აუცილებელია ერთიანობა ამ გზაზე და იმის გათვალისწინება, თუ რა გველის წინ და რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს ამ ახალ დროებაში. კიდევ უფრო გაუმჯობესებული დემოკრატიის შექმნა დამოკიდებულია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების კოალიციაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები