04 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
"არავაქცინირებულ ადამიანებს მივმართავ - წინ მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის საფრთხის შემცველი ზამთარია" - ამერიკელი მაღალჩინოსანი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 274 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს. 

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ინფიცირების შემთხვევები გასულ კვირასთან შედარებით გაოთხმაგებულია. ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას უსაფრთხოების ზომების შემოღებისკენ მოუწოდებენ. ვარაუდობენ, რომ "ომიკრონი" ჯანდაცვის სისტემაზე დამანგრეველ ზეგავლენას მოახდენს.

საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება "ომიკრონი" ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალმა შტამმა თითქმის ყველა შტატში შეაღწია. ნიუ იორკი კვლავ კოვიდ შემთხვევების ანტირეკორდებს ამყარებს. უკვე მეორედ, დღიური შემთხვევები 21 ათასს აჭარბებს. მსგავსი სტატისტიკა იანვრის შემდეგ არ ყოფილა.

"არავაქცინირებულ ადამიანებს მივმართავ, წინ მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის საფრთხის შემცველი ზამთარია თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და საავადმყოფოებისთვის, რომელიც მალე გადაიტვირთება. ვირუსის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია რომ აიცრათ,"- აცხადებს  თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორი ჯეფ ზაიენცი.

ვირუსის მზარდი გავრცელების ფონზე, პორტუგალია 12 წლამდე ბავშვების იმუნიზაციას იწყებს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო, ნიდერლანდები საშობაოდ მკაცრ ლოკდაუნს აწესებს. დღეიდან, 14 იანვრამდე საზოგადოებისთვის მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში შესვლაზე რეგულაციებს ამკაცრებს ფინეთი. გაერთიანებული სამეფოდან შესული ტურისტები ვალდებული იქნებიან კორონავირუსის დამადასტურებელი უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინონ. აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება იმ ქვეყნებიდან შესვლის მსურველებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ მიეკუთვნებიან. თოვლის ბაბუას სოფელში კი შიშობენ, რომ რეგულაციები ქალაქ როვანიემზე ცუდად აისახება.

დღის ამბები