მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ნოემბერში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 44.1 მეათედი %-ით გაიზარდა. მინისტრის ინფორმაციით, ტრადიციულად, ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ექსპორტი, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, თუმცა მესამე-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების მრეწველობაა.
"გვაქვს საკმაოდ დადებითი ტენდენცია. 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი გაიზარდა 44,1%-ით, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, თუ შევადარებთ 2019 წლის ნოემბერს ანუ პანდემიამდე პერიოდს, აქაც გვაქვს თითქმის 49%-იანი ზრდა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა ნოემბერში 325,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 11 თვეს თუ დავაჯამებთ, ამ პერიოდშიც სწორედ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის ზრდა, 28,7% გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 11 თვეში - 2,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვებმა საგარეო ბაზრებზე,"- განაცხადა ნათია თურნავამ.