ეროვნული შერიგების საკითხი ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავრი განსახილველი თემაა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი დადებითად აფასებს, თუმცა ოპონენტებისგან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი არ აქვთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, დავით ბაქრაძეა.
"ამ ეტაპზე ჩემ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს შერიგებაზე საუბარი. ამ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, თუ რა არის ის პრინციპები, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას, ისე როგორც, მაგალითისთვის, ოკუპაცია არის ცუდი, ნატოში გაწევრიანება არის კარგი. უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს," - აცხადებს დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტი აპირებს შეხვდეს ქალ დეპუტატებსა და თვითმმართველობების ქალ ხელმძღვანელებს, ამ მიღებაზე დასწრებას აპირებს უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანიც, რომელმაც მედიასთან ეროვნული შერიგების თემაზეც ისაუბრა.
"ზოგადად შერიგების წინააღმდეგი არავინ არ ვართ, უბრალოდ შერიგებას თავისი წინაპირობები აქვს და თავის მიზანს ისახავს. თუ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული, მაშინ ის აზრს კარგავს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პრეზიდენტის მიერ დაწყებულ პროცესს ეხმიანებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც". რომან გოცირიძის თქმით, პირობების წამოყენებით, "ქართული ოცნება" ხელს უშლის შერიგების პროცესს.
"ჩვენ უპირობოდ ვღებულობთ მონაწილეობას იმ პროცესში და იმ ინიციატივას ვუერთდებით, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება და განცხადებები მას ნაკლებ ოპტიმისტურად განაწყობს, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად მიაჩნია შერიგების პროცესის დაწყება, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პროცესში მონაწილეობს, თუმცა თავს იკავებს ტერმინ შერიგების გამოყენებისგან, რადგან ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ხედავს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შეუთავსებელია ოპოზიციის მხრიდან ერთის მხრივ შერიგებაზე და მეორე მხრივ წინააღმდეგობის კერების შექმნაზე საუბარი.
"ნაცმოძრაობის" მიზანი, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს რადიკალური პროცესებით ვერ სრულდება პრეზიდენტის შეთავაზებით. გამომდინარე აქედან, თუ არ მოხდება იმ ფორმულის დანგრევა რასაც ჰქვია რადიკალური წინააღმდეგობის კერების შექმნა ქვეყანაში, ბუნებრივია გაჭირდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კი მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესი მძიმე დანაშაულში მონაწილე პირებისთვის დანაშაულის პატიებად არ უნდა იქნას აღქმული.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შერიგება არ ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანები, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ - მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ, თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი ადამიანისა და პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვის," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.