საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13 იანვარს ჩაინიშნა.
ექსპრეზიდენტის მორიგ სისხლის სამართლის საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ბრალდების მხარემ ასევე თქვა შესავალი სიტყვა.
როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, სასამართლოზე მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილისთვის ზარების აღდგენის უფლება მიეცა, თუმცა ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"ჩვენ მოვითხოვეთ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი დასკვნის და ცენტრ "ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნის დართვა, რაც დაკმაყოფილდა და საქმის მასალებს დაერთო. ასევე, მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილისთვის უკანონოდ შეზღუდული სატელეფონო ზარების აღდგენის უფლება, თუმცა ეს შუამდგომლობა სასამართლომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ დააკმაყოფილა,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.