ონლაინ ფორმატში, დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ელჩების კონფერენცია დაიწყო.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეჯამდება. განიხილება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაც. ქართველ დიპლომატებს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა:
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა.
საკმაოდ დატვირთული, რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა ყველას ერთად, რაც დაგვირგვინდა გამორჩეული, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის გზას, ნატოს გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სურს არეულობა.
"არავის სურს არეულობა. პირიქით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ჩვენ ყველამ მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა უნდა მივმართოთ განვითარებაზე, კეთილდღეობის მოტანაზე ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს, მთელს მსოფლიოს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.