საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომას, შეფასებები როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, შესაძლოა კახა კუჭავას რაიმე ფორმით დაწინაურება მოხდეს და მისი გადადგომაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს:
"კახა კუჭავას მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იყო ბევრი პარლამენტის წევრის მიმართ, პრესკონფერენცია ისე იყო წარმართული, არ ეტყობოდა, რომ რაიმე უკმაყოფილება ჰქონდა თავად კახა კუჭავას. შესაძლოა, ველოდოთ მის რაღაც ფორმით დაწინაურებას,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
გუშინ, პრესკონფერენციაზე, სადაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავას გადაგომის შესახებ განაცხადა, ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დიდ პროექტს იწყებს, სადაც მონაწილეობას სწორედ კახა კუჭავა მიიღებს. თუმცა, რა პროექტზეა საუბარი, ეს პარტიაში არ დაუკონკრეტებიათ, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამაზე მომდევნო თვიდან ისაუბრებს.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა სურვილი კახა კუჭავას, რომ ამ დიდ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ირ პარტიაში რჩება. კახა კუჭავამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები დატოვა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ. დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილიც ასევე წარმატებული თავმჯდომარე იქნება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომდევნო კვირაში დაამტკიცებენ - რიგგარეშე სხდომა 29-30 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
სპიკერს საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კი, გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ რჩება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში.