"ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. უმრავლესობაში პროტესტს კრახისთვის განწირულ პოლიტიკურ სვლას უწოდებენ.
"ქართულ ოცნებაში“ ისევ ირწმუნებიან, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის უკან, თავად პატიმარი სააკაშვილი დგას.
"შიმშილობა დაწყებულია მას მერე, რაც არ გაამართლა ამ ძალისმიერ მეთოდით პროცესების განვითარება, რომელიც შეეხება მუდმივ დესტაბილიზაციას. ეს თემაც არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ ვაკუუმის და ამ სივრცის შესავსებად, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა,“ - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იმ ადამიანების შეურაცხყოფის ტოლფასია, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ.
"სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმ ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას. ვინც ამას თავის თავზე იღებს, უნდა იცოდეს რომ ეს სწორედ ამას ნიშნავს. არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მოშიმშილე ადამიანების მსურველთა რიცხვი ოდნავ მაინც მიუახლოვდეს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც დაზარალდა ზოგი სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით და ა.შ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.