მინისტრთა კაბინეტი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას აფასებს. მინისტრები აცხადებენ, რომ ზურაბ აზარაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მასში საკმაოდ დიდ რესურსს ხედავენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელოვანი იყო, რომ კანდიდატი ყოფილიყო კვალიფიციური, რომელსაც მართვის უნარი გააჩნია.
"ის არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება როგორც კერძო სექტორში მუშაობის, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს ბატონ ზურას," - ამბობს ლევან დავითაშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი მსხვილ ბიუჯეტიანი სამინისტროა და ამ თანხებს ეფექტური მართვა სჭირდება, რასაც ახალი მინისტრი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ გაუმკლავდება.
"შემოუერთდა ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი, მივესალმები რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო. კოვიდი ჯერჯერობით, არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა. რასაც რასაკვირველია, ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ გაუმკლავდება," - ამბობს ნათია თურნავა.