არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან დასრულდა. თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლებრივ გზებზე, იმისათვის, რომ მარტივად არ მოხდეს ინსპექტორის უწყების გაუქმება.
"ეს არის ერთ-ერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ჩვენი ყველანი ვთანხმდებით, რომ ინსპექტორის სამსახური შედგა და არის ეფექტური. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მივმართავთ ინსპექტორს და ვთხოვთ დახმარებას. გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რომელიც ამხელს პოლიტიკური გუნდის შურისძიების შეთქმულებას რეალურად," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.
თავად, ლონდა თოლორაიას ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
საკითხს გამოეხმაურა ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილე. მარკო სოლდიკი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექციის სამსახური მნიშვნელოვანი სტრუქტურაა და საკითხი ფართო განხილვებს და მსჯელობას საჭიროებს.
"ჩვენ დამწუხრებულები ვართ, რომ პარლამენტში ხდება ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაჩქარება, კერძოდ, სამსახურის გახლეჩვის პროცესი. მივიჩნევთ, რომ როცა საქმე სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან სამსახურს ეხება, ეს მოითხოვს ინკლუზიურ განხილვას.
ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის შეთავაზებები, რაც თავად სახელმწიფო ინსპექციის სამსახურმა გასცა. სახელმწიფო ინსპექციის სამსახური მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოსთვის. ეს საკითხი ფართო განხილვებს და მსჯელობას საჭიროებს, ნებისმიერი რეფორმა კი გაძლიერებას," - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილემ მარკო სოლდიკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.