16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ პარტიები ერთმანეთს შეურიგდებიან" - აკაკი მინაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული შერიგება უნდა, თუმცა ამბობს, რომ მას ამის რესურსი არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ თანხმობის პროცესის დასაწყისი არ არის პარტიების შერიგება და აღნიშნავს, რომ მას დაპირისპირებული ძალების შერიგებისთვის ბერკეტი არ აქვს.

პრეზიდენტის ინიციატივაზე შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი იდეას იზიარებს, თუმცა მისი სისრულეში მოყვანის შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრს, აკაკი მინაშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ პარტიები ერთმანეთს შეურიგდებიან და თანხმობას მიაღწევენ.

"მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ პარტიები ერთმანეთს შეურიგდებიან, მით უმეტეს "ქართულ ოცნებას" ვინმე შეურიგდება. მთავარი არის, რომ შეთანხმება მოხდეს ძირეულ საკითხებზე, განსხვავების მიუხედავად. ძირეული საკითხებია ის, რაც პარტიის ინტერესში კი არ არის, ქვეყნის ინტერესშია. ყველა საღი აზრის მქონე ადამიანს ესმის, რომ თუ ეს საკითხები არ მოგვარდა, ქვეყანა ვერ დაიწყებს განვითარებას," - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის წამოწყება მნიშვნელოვანია, თუმცა მას წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

"საქართველოს პრეზიდენტის წამოწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას წარმატებას ვუსურვებ. თუმცა, აქვე დავაფიქსირე ჩვენი პოზიციაც, რომ ცხადია, მას ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა, როდესაც მმართველი გუნდის პოზიცია არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ, მე არ მიკვირს ცხადია, თუ ის ხედავს სირთულეს ამ პროცესის, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იქცევა "ქართული ოცნება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

"ეროვნული თანხმობა არ უნდა დახურდავდეს პარტიების შერიგებამდე. ეროვნული თანხმობა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის და პარტიებს მიღმა ხალხია. ასევე, სწორი არის ის, რომ უნდა დავიწყოთ ჩემი ღრმა რწმენით, წარსულის სწორად შეფასებით და გააზრებით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები