სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კონტრტერორისტული მიმართულებით ქვეყნის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშეა. გრიგოლ ლილუაშვილმა მიმოიხილა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია, რომელიც მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტია.
"დოკუმენტი ასახავს როგორც საფრთხეებს, ისე ამ საფრთხეებზე რეაგირების მეთოდიკას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ ანტიტერორისტული გლობალური ინდექსით დაბალი რისკის ქვეყანა ვართ და ეს ჩვენი სისტემის კარგ მუშაობაზე მეტყველებს, გამოწვევები ბევრია, კვლავ ძალაშია, ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, ისინი არსად არ წასულან, ზოგიერთი მათგანი შეიძლება შესუსტდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უფრო გაძლიერდა. ეს რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებისთვის. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეების მონაწილეობაც დაფიქსირდა ძირითადად "ისლამური სახელმწიფოს" ფრთის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის 50 მოქალაქე იყო სამწუხაროდ ჩართული ამ ქმედებებში, ბევრი მათგანი ლიკვიდირებულია, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ და დღეს დღეობით 20 მოქალაქეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი დიდი ნაწილი სირიაში იმყოფება, ბანაკებში იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ალბათ ნახეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის მუსლიმ მარგოშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ასე რომ საფრთხეები ყოველთვის რჩება საფრთხეებად. ასევე ჩვენს ციხეებშიც იხდიან ბევრი სასჯელს. წელს დავაკავეთ 5 პირი რომლებიც გაწევრიანდნენ ისლამურ სახელმწიფოს რიგებში, დადეს ფიცი, რომლის შემდეგაც ისინი გეგმავდნენ თურქეთის ტერიტორიის გავლით საომარ მოქმედებებში ჩაბმას. სწორედ ჩვენი სამსახურის მიერ უზადოდ და უნაკლოდ შესრულებული ოპერაციის შედეგად მოხდა მათი დაკავება თავის სახლებში და ისინი ელოდებიან სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს. ახალგაზრდების ჩაბმის საფრთხე სულ არის ჩვენს ქვეყანაში, სულ იქნება, თუმცა ამას ეფექტურად ვებრძვით და დღესდღეობით მინიმიზირებულია," - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.
იყო თუ არა ბოლო პერიოდში სერიოზული ტერორისტული საფრთხე, რომლის აღკვეთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწია. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სუსის საქმიანობის მთავარ მიზანს, პრევენციული მოქმედებებით მსგავსი საქმიანობის დასკვნით ფაზამდე მისვლაში ხელის შეშლა წარმოადგენს
"ტერორისტული საფრთხეების ფონზე გამოწვევები დიდია, თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე მცდელობა იმ ეტაპამდე მივიყვანოთ, რომ ეს შესამჩნევი გახდეს მოქალაქეებისათვის. ჩვენ ხშირ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი პრევენციული მოქმედებებით ხელს ვუშლით ნებისმიერი დანაშაულის და მით უმეტეს ტერორისტული დანაშაულის იმ ფაზამდე მიყვანას, რომ მხოლოდ თითის დაჭერა ჰქონდეს დარჩენილი ტერორისტული აქტის მოსაწყობად. ხშირად ისმის კითხვა რას აკეთებს სუსი, ხშირ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ეს არის ამ თანამშრომლების დამსახურება, ვინც ღირსეულად ემსახურება სამშობლოს, მათი შრომა ხშირ შემთხვევაში არის დაუნახავი და დაუფასებელი. ის რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარებისთვის ყველა პირობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამაში შეაქვს ლომის წილი," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება ეფექტიანადაა დაცული:
"აუცილებლად მშვიდად უნდა დავიძინოთ, მშვიდად უნდა გავიღვიძოთ და ყველა რისკი რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდეს, ყველა რისკი გვაქვს დაზღვეული, როდესაც ჩვენი მოსახლეობა ახალ წელს მშვიდად დაიძინებს, ჩვენ მაშინ ვფხიზლობთ და ვდგავართ უსაფრთხოების სადარაჯოზე, ასე რომ ქვეყანაში არის და მომავალშიც იქნება მშვიდობა," - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.